guriis mxare  
  
 
 
 
 
Coxatauris municipaliteti - bukiscixe, Tamaris cixe
ფეოდალური ხანის ციხესიმაგრე სოფელ ბუკისციხეში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ჩოხატაურიდან 6 კმ.

ციხე მდებარეობს მდინარე სუფსის მარჯვნივ, მაღალ გორაზე. ამ ადგილებში, ე.წ. გურიის ტბასთან ადამიანი ჯერ კიდევ გვიანდელი ბრინჯაოს ხანაში ცხოვრობდა. ანტიკურ ეპოქაში აქ უკვე ჩნდება ქალაქური ტიპის დასახლება. აღმოჩენილია ანტიკურობისათვის დამახასიათებელი გათლილი კვადრებით ნაგები გალავნის ნაშთები.

ამჟამად ციხის მხოლოდ ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილია შემორჩენილი. აშენებულია რიყის ქვითა და ტერიტორიულად არც თუ ისე დიდია, მაგრამ მაღალ ბორცვზეა განლაგებული და საკმაოდ ციცაბო მისასვლელი აქვს. ციხეს გარშემო უვლის ძლიერ დაზიანებული გალავანი. ძეგლზე არქეოლოგიური გათხრები 1964 წელს ნიკოლოზ ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა. გამოიყოფა რამდენიმე სამშენებლო ფენა, რომელთაგან უძველესი ადრეფეოდალური ხანისა, უახლესი გვიანი შუა საუკუნეებისაა. ციხის ჩრდილოეთ მხარეს მიდგმული მრავალსართულიანი კოშკის პირველ სართულზე გამოვლენილია ქვის დიდი საწნახელი და ქვისავე კიბის დიდი ნაშთი. მეორე სართული საცხოვრებელი ჩანს, მესამე სართული საბრძოლო. კოშკი არქიტექტორმა კ. მელითაურმა VI-VII საუკუნის ძეგლად მიიჩნია.

ციხის აღმოსავლეთ კედელზე მიშენებული ეკლესიის მხოლოდ ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის კედლებია შემორჩენილი. შესასვლელი გამოვლენილია დასავლეთ კედლის სამხრეთ ნაწილში. ეკლესიას სწორი აფსიდა აქვს. ძეგლის შიდაპირი მოპირკეთებულია. არქიტექტურული მონაცემებით, ეკლესია X საუკუნით თარიღდება.

ციხის აღმდგენად მოიხსენიება მამია III გურიელი, რომელიც XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე ზეობდა.1774 წელს ბუკისციხე ლიხაურის ციხესა და ასკანის ციხესთან ერთად ერთად თურქებმა აიღეს. იმავე წელს მამია IV გურიელმა და სოლომონ I-მა უკან დაიბრუნეს. ციხე გურიის რუსეთთან შეერთებამდე (1811 წლამდე) კონტროლს უწევდა იმერეთიდან და მესხეთიდან შავი ზღვისკენ მიმავალ გზას.

არსებობს მოსაზრება, რომ ბუკისციხეს ადრე „გვაბრათი" ეწოდებოდა, ისევე როგორც ასკანის ციხეს. წყაროებში სახელი ბუკისციხე XVIII საუკნის 70-იანი წლებიდან მოიხსენიება.

 

სტატუსი დანგრეული
თარიღდება
ფეოდალური ხანით
აღდგენის წელი XVII-XVIII სს

foto galerea